პოლიტიკური პატიმრების სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების განახლებული სია, რომელიც შედგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
სიაში შეტანილი ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც უკვე მსჯავრდებულია, პატიმრობაში იმყოფება სიტყვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის და პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო. საქართველოში არსებობენ სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, მაგრამ ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ 2024-2025 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებზე.
დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად საქართველოში 91 პირი აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრის ერთ ან რამდენიმე საერთაშორისო კრიტერიუმს. თითოეული საქმე შეფასებულია ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების საფუძველზე.
სია ეყრდნობა არა პოლიტიკურ შეფასებებს, არამედ ევროპის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც პირი შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად, თუ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია:
ა) ფუნდამენტური უფლებების დარღვევასთან;
ბ) პოლიტიკური მოტივებით დაკავებასთან, როდესაც ჩადენილ ქმედებას სამართალდარღვევასთან კავშირი არა აქვს;
გ) აშკარად არაპროპორციულ სასჯელთან;
დ) დისკრიმინაციულ მოპყრობასთან; ან
ე) ისეთი სამართალწარმოების შედეგთან, რომელიც შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებთან.
დოკუმენტში თითოეული პირის მიმართ მითითებულია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმ(ებ)ი მიიჩნევა დაკმაყოფილებულად.
პოლიტიკური პატიმრების ესოდენ დიდი რაოდენობა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუარესებაზე.