
უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.
საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, მისასალმებელია, თუმცა გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვების თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნაზე, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის (მათ შორის სამწარმეო საქტორისთვის) კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების ძირითადი მოთხოვნებია:
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია შეიცვალოს არაერთი სხვა დებულება, მათ შორის საარჩევნო კოდექსში არსებული რეგულაციები. ასევე აუცილებელია საქართველოში გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევა, რათა საარჩევნო გარემოს შეფასება-მონიტორინგის პროცესში ჩაერთონ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ თანაბარ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საშუალება. საზოგადოების ძალისხმევის კონცენტრირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყურადღება გავამახვილოთ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა საკითხებზე.
საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ პარლამენტში 2012 წლის 17 თებერვალს წარადგინა.